
თანამედროვე სოფლის მეურნეობა არ არსებობს ხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებების გარეშე. ნებისმიერი გლეხი, ფერმერი, აგრობიზნესით დაინტერესებული პირი თუ ინვესტორი ვერ დაგეგმავს ვერც ერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესს, თუ მას არ აქვს გარანტირებული ხელმისაწვდომობა ხარისხიან მცენარეთა დაცვის საშუალებებთან.
მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება კონკურენცია მცენარეთა დაცვის საშუალებების და სასუქების წარმოების მხრივ. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურობს ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი. ეს ქვეყნები ძირითადად ჯენერიკებს აწარმოებენ. ცალსახად იმის თქმა რომ აღნიშნულ ქვეყნებში უხარისხო პრეპარატები იწარმოება, არ შეიძლება.
მსოფლიოში, ხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებაში წამყავნი ადგილი ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირავს.
საქართველოში დღესდღეობით 700-ზე მეტი პესტიციდია რეგისტრირებული.
ქართულ ბაზარზე დღეისათვის 30-ზე მეტი კომპანია დაკავებული მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სასუქების შემოტანითა და რეალიზაციით. წამყვანი ადგილი უკავია 4 კომპანიას ნობლექსი - Bayer-ის ოფიციალური შემომტანი; აგროვიტა - Basf-ის ოფიციალური შემომტანი; კარტლისი - Dupon-ის ოფიციალური შემომტანი და შვეიცარიული Syngenta.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონებში გხვდება ფალსიფიკაციის ფაქტები. კიდევ უფრო ხშირია ეტიკეტირებისა და შეფუთვა-დაფასოების კუთხით დარღვევები. სურსათის ეროვნული სააგენტომ ბოლო პერიოდში გაამკაცრა ამ მიმართულებით პოლიტიკა, რამაც უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი და რაც მისასალმებელია.
მნიშვნელოვანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, ფერმერმა უნდა იცოდეს ხარისხიანი და უხარისხო პრეპარატის განსხვავება გამოყენების თვალსაზრისით. ხშირად გვესმის გლეხებისა თუ ფერმერებისგან რომ ხარისხიანი პრეპარატები ძვირია და შეძენას ვერ ახერხებენ, შესაბამისად დაბალფასიან და დაბალხარისხიან პრეპარატებს ყიდულობენ (ჯენერიკებს). თუმცა ამ ტიპის პრეპარატებს ნაკლები ეფექტურობა აქვს მცენარეზე, შესაბამისად გლეხს უწევს მისი ხშირად გამოყენება და საბოლოო ჯამში მაინც საკმაო თანხის გადახდა გამოსდის. მაშინ როცა მაღალხარისხიანი პრეპარატები მაღალეფექტურია და გარემოზე ზემოქმედებაც ნაკლები აქვს. შესაბამისად მოქმედების მაღალეფექტურობის წყალობით, ამ ტიპის პრეპარატების გამოყენების ჯერადობა დაბალია. აქედან გამომდინარე გლეხი ზოგავს როგორც პრეპარატში გადახდილ თანხას, ასევე თავის შრომას (რადგან ნაკლები ჯერადობით მოიხმარს პრეპარატს).
გვაქვს ქართული წარმოებაც. უნდა აღინიშნოს რუსთავში მდებარე ამონიუმის გვარჯილის ქარხნის ძალიან დიდი წარმოება. ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა ორგანული და ბაქტერიული საკმაოდ ხარისხიანი სასუქის წარმოებაც. ქართული წარმოების ნაწილი ექპორტზეც კი გადის.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია მაღალხარისხიანი მცენარეთა დაცვის საშუალებები, შესაბამისად აგრობიზნესით დაინტერესებულ პირს შეუძლია ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა.
ვიმედოვნებთ, რომ ზოგადი ცოდნა ამაღლდება და ვისწავლით თუ რამდენად უარყოფითი შედეგები მოაქვს უხარისხო პრეპარატების გამოყენებას - ერთი რომ უშედეგოა ჩვენი მეურნეობისთვის და მეორე, რომ ზიანს აყენებს გარემოს.